საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გიორგი მარგველაშვილმა შრი ლანკის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა და სამუშაო სადილზე უმასპინძლა შრილანკის პრეზიდენტს მაითრიპალა სირისენას, რომელიც საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით, OPG-ის მე-5 გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

როგორც პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, შრი ლანკის პრეზიდენტის სტუმრობა საქართველოში გამორჩეული მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში, მით უფრო, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და შრი ლანკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავი. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა შრი ლანკის პრეზიდენტს მე-5 ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტში მონაწილეობისათვის და ხაზგასმით აღნიშნა ურთიერთობათა გაუმჯობესებისათვის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შრი ლანკასთან თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანასთან სამხრეთ აზიაში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და შრი ლანკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და არაღიარების პოლიტიკის შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა მზადყოფნა დაიწყოს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებში, ვაჭრობაში და ეკონომიკაში, ტურიზმში, კულტურაში, განათლებასა და ხალხებს შორის ურთიერთობაში.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრად უფრო დიდი პოტენციალი, რომ გაღრმავდეს და განვითარდეს სავაჭრო, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის სფეროებს შორის ურთიერთობები.