საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

31.10.2018  აშშ - გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე (დღის წესრიგის 77-ე საკითხი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ანგარიში“).
 
კახა იმნაძემ მადლიერება გამოხატა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ებოე-ოსუჯის მიმართ და მიესალმა სასამართლოს ანგარიშს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი უნივერსალურობის გაძლიერება გადამწყვეტი ფაქტორებია ICC-ს ეფექტური მუშაობისთვის, რათა განხორციელდეს მართლმსაჯულება იმ  მძიმე დანაშაულებების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ICC-ს როლი არსებულ ეროვნულ სასამართლო სისტემებთან თანამშრომლობა და თავსებადობაა და არა მათი შეცვლა, ხოლო გამოძიების და დამნაშავებიის პასუხისგება უპირველესად ინდივიდუალურად სახელმწიფოების ეკისრება.
 
კახა იმნაძემ განაცხადა, რომ 2003 წელს რომის სტატუტის რატიფიკაციის შემდეგ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და დანერგილი აქვს სტატუტის კანონმდებლობა ეროვნულ დონეზე. მეტიც, 2017 წლის დეკემბერში საქართველოში გაიხსნა ICC-ს საველე ოფისი, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებს და გაერო-ს უწყბებეს შორის.
 
დასასრულს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მხარდაჭერა დააფიქსირა სასამართლოს ანგარიშის იმ ნაწილის მიმართ, რომელშიც საუბარია 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის გამოძიების პროცესზე და სასამართლოს პროკურორის ოფისის მოწოდებაზე რუსეთის მხარის მიმართ, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.