საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მამუკა ბახტაძე - საქართველოს წარმატება წარმომიდგენია სწორედ განათლების სექტორის ძირეული რეფორმით და ამ რეფორმაში პროფესიულ განათლებას უნდა ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი

საქართველოს წარმატება წარმომიდგენია სწორედ განათლების სექტორის ძირეული რეფორმით და ამ რეფორმაში პროფესიულ განათლებას უნდა ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განათლება და ახალგაზრდების პროფესიული და ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობა მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მამუკა ბახტაძის თქმით, ამ კონტექსტში პროფესიულ განათლებას განსაკუთრებულიყურადღება ეთმობა.

„ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ეს მიმართულება განვითარდეს, გახდეს პოპულარული და ხელმისაწვდომი ნებისმიერ მოქალაქისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ თანამედროვე და ქმედითი პროფესიული განათლების პროგრამები და კურსდამთავრებულები ქმნიან იმ კრიტიკულ სამუშაო ძალას და ადამიანურ კაპიტალს, რომელიც იზიდავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და აძლიერებს ადგილობრივ წარმოებას. ჩვენი მიზანია შეიქმნას კონკურენტუნარიანი, ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო ხელსაყრელი გარემო, რაც ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების, სტარტაპების, მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის მეტ შესაძლებლობას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კონკრეტულ ნაბიჯები იდგმება იმისათვის, რომ განათლების განვითარება დაჩქარდეს.

„ამის თვალსაჩინო მაგალითია, მათ შორის, ეს ღონისძიება - პროფესიული განათლების კვირეული, რომლის განმავლობაშიც მოხდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების წარდგენა საზოგადოებისთვის. ეს არის საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების, აგრეთვე კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ახალი პროგრამები. ასეთი პროგრამებით ხელმისაწვდომი და შესაძლებელი ხდება ისეთი განათლების მიღება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ღირსეულ დასაქმებაში შეუწყობს ხელს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკვე მოქმედებს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ", რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებასა და თავსებადობას.

„ეს კანონი დღეს უკვე გვაძლევს საშუალებას,ჩამოვაყალიბოთ პროფესიული განათლების ახალი სისტემა და შემოვიტანოთ ბევრი სიახლე. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ხელი შევუწყოთ სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, განვახორციელოთ ერთობლივი და გაცვლითი პროგრამები, განვავითაროთ ზრდასრულთა განათლება, დავნერგოთ ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომა და მრავალი სხვა. ამ ახალი კანონით სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლებას ანიჭებს და ველოდებით, რომ მოხდება დამატებითი თანხების მოზიდვა, რაც ისევ პროფესიული განათლების განვითარებას მოხმარდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავე დროს მთავრობა ახორციელებს არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში და ამ საქმეში მთავრობას სწორედ დაინტერესებული და მოტივირებული მომავალი პროფესიონალების იმედი აქვს.

„მისასალმებელია, რომ პროფესიული განათლების კვირეულმა გამოავლინა ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებული წარმატებული რეფორმები და საუკეთესო პრაქტიკის ისეთი მაგალითები, რომლებიც ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უწყობს წელს. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და ვუსურვებ წარმატებებს. მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და განათლების სექტორში განხორციელებული იმ უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციისთვის, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც ნაყოფიერად გაგრძელდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სექტორის რეფორმის წარმატებულობაზე გადის საქართველოს ეკონომიკის განვითარების წარმატება. მამუკა ბახტაძის თქმით, იმ ხუთდონიან განათლების რეფორმაში, რომელიც მთავრობამ წარადგინა, სწორედ პროფესიული განათლება იქნება წამყვანი კომპონენტი.

„ეს ღონისძიება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ პროფესიული განათლების მაღალი დონის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება მიზნების მიღწევა. რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის ინდექსში საქართველო მეექვსე ადგილზე დააფიქსირა და ეს არის უზარმაზარი წარმატება, მაგრამ ამავე დროს მსოფლიო ბანკს აქვს სხვა ინდექსიც, ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარების ინდექსი და ჩემი ოცნება გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენი რეფორმების შედეგად საქართველო ამ ინდექსში ვიხილოთ საუკეთესო ექვსეულში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.