საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ნეპალის დელეგაცია ეწვია

2018 წლის 9 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ნეპალის მართლმსაჯულების დელეგაცია ეწვია, ნეპალის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დოქტორ ანანდა მოჰან ბჰატარაის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადეგენლობაში იყვნენ ნეპალის რესპუბლიკის უზენაესი, სააპელაციო სასამართლოს წევრები და მედიაციის საბჭოს ადვოკატები. ნეპალის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეებმა. მონაწილეებს მიესალმა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დელეგაციის წევრებს საქართველოს სასამართლო სისტემის, მისი სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ. მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილმა ასევე ისაუბრა მედიაციისა და დავების მოგვარების საკითხებზე მხარეებს შორის სამოქალაქო საქმეებში. განიხილეს არასრულწლოვანთა კოდექსთან და მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. კოლეგებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე ესაუბრა მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურით, მისი დანიშნულებისა და ფუნქციონირების საკითხებით. გაეცნენ მოსამართლეთა გამწესების წესსა და კრიტერიუმებს.

ნეპალის დელეგაციის წევრებმა შეხვედრის შემდეგ ქართველ კოლეგებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები, დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და ეწვივნენ მართლმსაჯულების მუზეუმს.

ხვალ, 10 ივლისს, ნეპალელი კოლეგები გამართავენ შეხვედრებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით, შეხვდებიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს და ეწვევიან დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პროკურატურის წარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრებენ არასრულწლოვანთა კოდექსის იმპლემენტაციის საკითხზე, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამაზე, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს, ასევე შეხვდებიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში სასამართლო რეფორმის განხორციელებას.

ნეპალის დელეგაცია 13 ივლისს დაასრულებს სამუშაო ვიზიტს საქართველოში.