საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კახა იმნაძე გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

2018 წლის 9 ნოემბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში - საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, სადაც ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე, იმ აგრესიაზე რაც საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრის მხრიდან განიცადა. 

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, ფუნდამენტური ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ასეთი აშკარა დარღვევა და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფა, ევროპის უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო წესრიგისთვის დიდი დარტყმა იყო და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის ერთგული რჩება, რაც, ერთის მხრივ, მიმართულია საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციისკენ და მეორეს მხრივ, ომით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის გასწვრივ 1 კმ სიგრძის ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე. მისი განცხადებით, აუცილებელია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორებს საშუალება მიეცეთ შეაღწიონ ოკუპირებულ რეგიონებში. მისი განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭო აქტიურად იყო ჩართული 1993-დან 2009 წლამდე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების მონიტორინგში, ვიდრე რუსეთის ფედერაციამ არ გამოიყენა ვეტოს უფლება და დაბლოკა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში, „გაეროს მისიის დაბლოკვით სწორად იმ დროს, როდესაც მისი ყოფნა ადგილზე ყველაზე მეტად იყო აუცილებელი (2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ), რუსეთის ფედერაციამ საშიში პრეცედენტი შექმნა გაეროს მშვიდობისმყოფელების ისტორიაში“- განაცხდა კახა იმნაძემ.

კახა იმნაძის განცხადბით აუცილებელია როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს, ასევე, ზოგადად ორგანიზაციის რეფორმა, იმისათვის, რომ გაიზარდოს მისი ეფექტურობა ისეთი გლობალური გამოწვევების მიმართ, როგორიცაა კონფლიქტების მოგვარება, ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისი და ა.შ.

ამასთან, გაეროს გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოში გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ნოემბრის განცხადება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქარელის მუნიციპალიტეტიტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით.