საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

2018 წლის 11 დეკემბერს ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართა ტაილანდის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ბ-ნი არჩილ ძულიაშვილის (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) შეხვედრა ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბ-ნ ვირასაკდი ფუტრაკულთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, სავაჭრო-ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. 

ტაილანდის მხარემ დაადასტურა, რომ 2019 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება ,,Visa on Arrival", რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

ორივე ქვეყანაში იგეგმება საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულებების გახსნა. ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ტაილანდის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.