საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, არჩილ ძულიაშვილის ვიზიტი ბუტანის სამეფოში

2019 წლის 3-5 ივნისს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი ვიზიტით ეწვია ბუტანის სამეფოს დედაქალაქ თიმფუს, სადაც შეხვედრები გამართა ბუტანის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან დრ. ლოტაი ტშერინგთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დრ. ტანდი დორჯისთან, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მინისტრთან ბატონ კარმა დონენ ვანგდისთან, განათლების მინისტრთან ბატონ ჯაი ბირ რაითან, ბუტანის ტურიზმის საბჭოს გენერალურ დირექტორთან ბატონ დორჯი დჰრადჰულთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორთან ბატონ სონამ ტობგაითან.

ბუტანის სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. მხარეების მიერ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას, ასევე შეთანხმდა, რომ გაგრძელდება მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს ელჩმა ბუტანის განათლების მინისტრს ბუტანის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის საჩუქრის სახით გადასცა 25 წიგნი საქართველოს, მისი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, სამზარეულოსა და ლიტერატურის შესახებ, ასევე საქართველოს რუკები.