საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭოსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ინდოეთსა და საქართველოს შორის კავშირები უძველესი დროიდან არსებობდა. ჩვენი საერთო წარსულის რამდენიმე მაგალითი: ვარაუდობენ, რომ იგავებმა პანჩატანტრადან გავლენა მოახდინეს ქართულ ხალხურ ზღაპრებზე. მე-12 საუკუნის პოეტის, შოთა რუსთაველის ეპიკური ქართული შედევრის, "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი მთავარი გმირი არის ინდოელი პრინცი. მოგოლების კარზე მრავალი ქართველი მსახურობდა, ზოგიერთმა მათგანმა მმართველობით პოზიციებს მიაღწია. რაფიელ დანიბეგაშვილი, ქართველი დიდგვაროვანი, მოგზაური, ვაჭარი და დიპლომატი 1795-1827 წლებში ხუთჯერ ეწვია ინდოეთის სუბკონტინენტს. ინდოეთი იყო შთაგონების წყარო მსოფლიოში ცნობილი მე-19 საუკუნის ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრისთვის "ნადირობა ინდოეთში". გამოჩენილი ქართველი ხელოვანები, კარლო კუკულაძე (1953), ივანე ასკურავა (1953), დავით მონავარდისაშვილი და მიხეილ ჩიქოვანი ხშირად დგამდნენ ოპერებს ინდოეთის შესახებ, ან ინდოეთიდან წარმომავალ თემებზე. თანამედროვე პერიოდში, ინდურ ფილმებს დიდი აუდიტორია გააჩნია ქართველ მაყურებელში.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, განსაკუთრებული სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭოსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პირველად, ჩვენი ორი მეგობრული ქვეყნის ისტორიკოსები და მკვლევარები ინდოეთისა და საქართველოს საუკუნოვან ურთიერთობებს უპრეცედენტო მასშტაბებში შეისწავლიან. მემორანდუმი ამ ორ სამეცნიერო ინსტიტუტს მისცემს საშუალებას განახორციელოს ერთობლივი კვლევები, პროგრამები და გამოსცეს პუბლიკაციები, რომლებიც მიზნად დაისახავს ინდოეთსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და კავშირების აღმოჩენას.

ამ განახლებული ისტორიული კავშირის პირველ ეტაპზე, 2019 წლის ზაფხულში ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭოს დელეგაცია, მისი თავმჯდომარის, პროფ. არვინდ პ. ჯამხედკარის მეთაურობით, ვიზიტით ეწვევა თბილისს, სადაც გაიმართება ერთობლივი სემინარი მათ ქართველ კოლეგებთან ერთად.