საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ნეპალში

2019 წლის 21-24 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კატმანდუს, სადაც 22 ივლისს საქართველოსა და ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. ნეპალის მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო მდივანი შანკერ დას ბაირაგი. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ნეპალში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) არჩილ ძულიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე, ნეპალში საქართველოს საპატიო კონსული შივ რატან შარდა და ინდოეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ნანა გაფრინდაშვილი. ნეპალის მხრიდან კონსულტაციებს ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა, თავდაცვის და კულტურის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სამინისტროების წარმომადგენლები.

საუბრის დროს მხარეების მიერ განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის განვითარების და საკანონმდებლო ორგანოებს შორის მეგობრული კავშირების დამყარების მიმართულებით, ასევე სავაჭრო-საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ; ხაზი გაესვა 2020 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 15 წლის იუბილის სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ აზიის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.

კონსულტაციების ფარგლებში ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და შანკერ დას ბაირაგიმ ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და ნეპალის მთავრობას შორის შეთანხმებას დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ. შეხვედრაზე ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნეპალის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის საქართველოს საელჩოს სახელით გადაეცა წიგნები საქართველოს შესახებ.

ვიზიტისას შედგა ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრები ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრთან პრადიპ კუმარ გიევალისთან, რომლის დროს მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; შეხვედრა ნეპალის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან დოქტ. რაჯეშ კაჯი შრეშთასთან, რომელთანაც გაფორმდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ნეპალის სავაჭრო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი.

იმავე დღეს, ნეპალში საქართველოს საპატიო კონსულის შივ რატან შარდას სახელით სასტუმრო „მარიოტში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული დღისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ნეპალში ვიზიტისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი პრადიპ კუმარ გიევალი. მიღებაზე მოსული იყო 200-მდე სტუმარი, მათ შორის ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები, ნეპალში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საპატიო კონსულები, ასევე ბიზნეს წრეების გავლენიანი წარმომადგენლები. მიღების დროს დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საპატიო კონსულმა, ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სადაც ისაუბრეს საქართველოსა და ნეპალს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და მისი განვითარების მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ასევე ეწვია მთის ინტეგრირებული განვითარების საერთაშორისო ცენტრს (ICIMOD) და მის მიერ ოპერირებულ გოდავარის ცოდნის პარკს.