საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტრო უერთდება 16-დღიან სამთავრობო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

2019 წელს კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა - სექსუალური შევიწროება.
 
კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ.
 
სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისჯება კანონით.
 
დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე,  საგარეო უწყება გეგმავს სამინისტროს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას. ამას გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია გენდერული ძალადობის წინააღდეგ.
 
16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ქალთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოს კონფლიქტურ ზონებში.
 
 
კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.
 
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ჩადენა იწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელი სამუშაოების დაკისრება 1 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღემდე ვადით.
 
 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სექსუალური შევიწროების ჩადენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პოლიციას (112), რათა დროულად იქნეს შესაძლებელი მტკიცებულებების მოპოვება და სამართალდამრღვევის გამოვლენა.
 
❗ შემოგვიერთდით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში!
 
#სახელმწიფოზრუნავს  #ყველაქალსაქვსსათქმელი