საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და მალდივების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 10 -11 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია მალდივის რესპუბლიკის დედაქალაქ მალეს, სადაც 11 დეკემბერს საქართველოსა და მალდივების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები. მალდივების მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ხალილი (Ahmed Khaleel). ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) არჩილ ძულიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე და მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული აბდულ მაჯიდი.

ორმხრივი კონსულტაციების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

კონსულტაციებზე მხარეების მიერ განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის განვითარების და საკანონმდებლო ორგანოებს შორის მეგობრული კავშირების დამყარების მიმართულებით, ასევე ხაზი გაესვა სავაჭრო-საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას. განხილულ იქნა მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები.
 
ხაზი გაესვა 2020 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 10 წლის იუბილეს სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ აზიის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.  მალდივების სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მალდივების მხარის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.