საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

30.01.2020 ქ. ვენა - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივ კომიტეტს გააცნო საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.  

საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთოსთან და აღნიშნა ორივე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი ევროპის კონტინენტსა და მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში.
 
საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე საუბრისას მინისტრმა კომიტეტის წევრებს გააცნო ის მაღალი დონის ღონისძიებები, რაც პრიორიტეტებით  განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით თავმჯდომარეობის პერიოდში გაიმართება. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა ეუთო-ს და ევროპის საბჭოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე და ადგილზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოზე. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეღწევადობის აუცილებლობას. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ  მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.  ეუთოს მუდმივი კომიტეტის წარმომადგენლების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და აღინიშნა, რომ თითოეული მათგანი ეხმიანება რეგიონში არსებულ გამოწვევებს დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხრივ.  მუდმივი კომიტეტის სხდომაზე ეუთო-ს მხრიდან გამოითქვა მზაობა ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ წამოყენებული პრიორიტეტების ეუთო-ს სივრცეში აქტუალიზაციას.

განცხადებები გაკეთდა საქართველოსთან ორმხრივ დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროკავშირის, აშშ-ს და სხვა წარმომადგენლების მხრიდან. მათ შორის აშშ-მ ხაზი გაუსვა საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და აღნიშნა რომ საქართველო გახლავთ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მიმართ.  სხდომაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს, მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან, აღნიშნა ორგანიზაციის განსაკუთრებული წვლილი დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების პროცესში და განაცხადა რომ საქართველოს პრიორიტეტების ეხმიანება ყველა აქტუალური საკითხს. მან დადებითი შეფასება მისცა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირთან არსებულ თანამშრომლობას ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში.