საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლაშა დარსალია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

2021 წლის 25 მარტს, ჟენევაში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ვიცე-პრეზიდენტთან, ჟილ კარბონიესთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. მინისტრის მოადგილემ ჟილ კარბონიეს მადლობა გადაუხადა ICRC-ის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების რეგულარული დახმარებისთვის. ამ კონტექსტში, ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას, მათ შორის, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მონახულების საჭიროებას.
მხარეებმა ისაუბრეს კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლის, დანიელ მაქსვინის დანიშვნასა და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) ICRC-ის საქმიანობაზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესში ICRC-ის შემდგომი ჩართულობისა და ამ საკითხებზე მოქმედ საკოორდინაციო მექანიზმებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ნეიტრალური მედიაციის მნიშვნელობას. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში ICRC-ის ხელშეწყობით უკვე მოხერხდა 200-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა. მინისტრის მოადგილემ ჟილ კარბონიეს დაუდასტურა საქართველოს მზაობა აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელებაზე, რასაც ხელს შეუწყობს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია, რომელიც 2019 წელს შეიქმნა.

თავის მხრივ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოსახლეობის შემდგომ ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე.