საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანთან ვიდეო კონფერენცია გამართა

2021 წლის 1 აპრილს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიდეო კონფერენცია გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანთან, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან არმიდა სალსია ალისჯაბანასთან (Armida Salsiah Alisjahbana). 


შეხვედრისას განხილულ იქნა ESCAP-თან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აღმასრულებელი მდივნის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოსთან ეფექტურ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სტატისტიკის სფეროში. აღინიშნა, რომ ESCAP-ის მიერ მომზადებულ იქნა მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის მიღწევის საგზაო რუკა საქართველოსთვის, რაც ხელს შეუწყობს ხსენებული მიზნის მიღწევისათვის კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებას. საქართველო ჩართულია და მომავალშიც მზად არის ჩაერთოს ESCAP-ის ფარგლებში დაგეგმილ კვლევებსა და თემატურ საპილოტე პროექტებში, ასევე გამოცდილება გაუზიაროს ESCAP-ის წევრ ქვეყნებს კონკრეტული რეფორმების განხორციელების, მათ შორის სამოქალაქო აქტებისა და ქონების რეგისტრაციის კუთხით ჩატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ. მხარეების მიერ ასევე განხილულ იქნა საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ESCAP-ის 77-ე ყოველწლიურ სესიის მუშაობაში, რომელიც დაგეგმილია ონლაინ ფორმატში.