საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ პლენარულ სესიაში

2021 წლის 20 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ მეცხრე პლენარულ სესიაში, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ასამბლეის თანა-თავმჯდომარეები, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

მინისტრის პირველი მოადგილის გამოსვლა, დღის წესრიგის მიხედვით, „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ მიეძღვნა. მან ყურადღება გაამახვილა 2021 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, და ხაზი გაუსვა სამიტის მნიშვნელობას პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის. 

ვახტანგ მახარობლიშვილმა გაუზიარა ევრონესტის ასამბლეის წევრებს ქვეყნის პრიორიტეტები და მოლოდინები სამიტთან დაკავშირებით; იმედი გამოთქვა, რომ სამიტის დასკვნითი ერთობლივი დეკლარაცია იქნება ამბიციური, ასახავს რეგიონისადმი სტრატეგიულ ხედვას და  უპასუხებს საქართველოს, ისევე როგორც სხვა პარტნიორი ქვეყნების ინტერესებსა და მისწრაფებებს. 

თავის გამოსვლაში ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან მეტი დაახლოებისა და ინტეგრაციის არსებული თუ ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე და ამ მიმართულებით  დაადასტურა მზაობა აქტიური მუშაობის გაგრძელების თაობაზე.

მინისტრის პირველი მოადგილე ასევე შეეხო კოვიდ 19-ით გამოწვეულ სირთულეებს, მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელობა მომავალშიც, მათ შორის ვაქცინაციის მოწოდების კონტექსტში. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებაა, რომელიც ევროპარლამენტის 60 წევრისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან შედგება. პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად, მონაცვლეობით - ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დედაქალაქებში.