საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე- პრეზიდენტი ხათუნა თოთლაძე სიტყვით გამოვიდა "თბილისი- წიგნის დედაქალაქი" ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე

2021 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, გაიმართა გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) პროგრამის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონია. 

ღონისძიება, რომელიც ქ. თბილისის მერიისა და UNESCO-ს თანამშრომლობით შემუშავდა, ოფიციალურად გახსნა ქ. თბილისის მერმა, კახი კალაძემ. ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხათუნა თოთლაძემ. 

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს მიღებული გადაწყვეტილებისთვის, ხაზი გაუსვა პროგრამის მნიშვნელობას წიგნის პოპულარიზაციასა და საგამომცემლო სექტორის განვითარებასთან მიმართებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა UNESCO-ს როლზე მსოფლიოში წიგნიერების ამაღლების ხელშეწყობის კუთხით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელმაც ასევე სიტყვით მიმართა აუდიტორიას, „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ პროგრამის კოორდინატორი იან დენისონი, ქ. კუალა ლუმპურის მერიის დელეგაცია, საერთაშორისო გამოფენების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვა უცხოელი და ქართველი სტუმრები.

აღსანიშნავია, რომ ეს მაღალი სტატუსი თბილისს მიენიჭა UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით და ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქი უმასპინძლებს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციაზე, წიგნის ინდუსტრიის განვითარებაზე ორიენტირებულ მრავალფეროვან ღონისძიებებს.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქი (World Book Capital) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომლის განხორციელება დაიწყო 2001 წლიდან. იუნესკოს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, პროგრამა გახდა ყოველწლიური და მისი პირველი მასპინძელი იყო ქ. მადრიდი. წელს, თბილისმა წიგნის დედაქალაქის სტატუსი კუალა ლუმპურის დელეგაციისგან ოფიციალურად გადმოიბარა.