საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ელჩთან ლაზარ კომანესკუსთან.
მინისტრმა მიულოცა BSEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ელჩს, ლაზარ კომანესკუს დანიშვნა და უსურვა წარმატებები ამ მნიშვნელოვან პოსტზე.

2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე, BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით განხილულ იქნა BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებას. ასევე, საუბარი შეეხო BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  
მხარეებს შორის განხილულ იქნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება. მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.  

BSEC-ის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის და თავმჯდომარეობის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში BSEC-ის გენერალურმა მდივანმა გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.