საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დროული დახმარებისთვის მადლობას უხდის

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკკა ჰაავისტო ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს, საქართველოს მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული საევაკუაციო ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის. 

"ქაბულში განხორციელებული საერთაშორისო საევაკუაციო ოპერაცია, მოითხოვდა კარგ და სწრაფ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე. თბილისი მოულოდნელად გახდა ფინეთის მოქალაქეებისა და ფინეთის დაცვის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის მნიშვნელოვანი კერა. 

მოქნილობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა თბილისის აეროპორტის გამოყენების კუთხით, ძალიან ღირებული იყო. ევაკუაციის პროცესში საქართველოსა და ფინეთის ხელისუფლებებს შორის შესანიშნავი თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითო იყო და ის წარმოადგენს ჩვენი მეგობრული ურთიერთობების გამოვლინებას. 

მინდა გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება და ველი თქვენთან კიდევ ერთხელ პირადად შეხვედრის შესაძლებლობას," - ნათქვამია ფინელი დიპლომატის წერილში. 
აღსანიშნავია, რომ წერილი დავით ზალკალიანს 2021 წლის 4 სექტემბერს გამართულ მიღებაზე, ფინეთის რესპუბლიკის ელჩმა კირსტი ნარინენმა გადასცა.