საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, არ დაუშვას რუსეთის აგრესია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან

ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

როგორც სენატორები აცხადებენ, მიმდინარე კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული ვლადიმერ პუტინის მიერ, რომელმაც უკრაინის საზღვართან რუსი ჯარისკაცების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა განალაგა.  სენატორების თქმით, ამით  პუტინი უარს ამბობს პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„აშშ და მისი მოკავშირეები არ შეეგუებიან  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიას, ისევე როგორც არ დაუშვებენ უკრაინაში შეჭრას  ისე, რომ აღნიშნულს არ  მოჰყვეს მძიმე შედეგები“ - ნათქვამია განცხადებაში. 

სენატორების მიხედვით, რუსეთის მიერ მოთხოვნილი „უსაფრთხოების გარანტიები" რაც უკრაინისთვის ნატოს წევრობაზე უარის თქმასა და ალიანსის შემდგომი გაფართოების შეწყვეტას გულისხმობს, სინამდვილეში წარმოადგენს რუსეთის მცდელობას კვლავ შექმნას გავლენის სფეროები ევროპაში, და მათი მეშვეობით ზეწოლა მოახდინოს და დაჩაგროს ის ქვეყნები, კერძოდ,  უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან.


„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ნატო-ს წევრები იღებენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს საქართველოზეც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ შეასრულონ ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, და რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - წერია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელზე შედგენილ ღია წერილს ხელს აწერენ როგორც „დემოკრატი“, ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები, მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, თომას ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაილ რაუნდსი, კორი ბუკერი და ჯონ ბარასსო.