საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის 2011 წლის 6 ივნისის ბრიფინგის ჩანაწერი

მოგესალმებით,

მინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე თვის წინ წარდგენილი გვყავდა ჩვენი კანდიდატურა შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) დირექტორთა საბჭოს ალტერნატიულ დირექტორად. შეგახსენებთ, რომ ეს არის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (BSEC) არსებული საერთაშორისო კვლევების ცენტრი, სადაც წარმოდგენილია BSEC-ის ყველა წევრი ქვეყანა. ეს არის ეკონომიკური გაერთიანება, დამოუკიდებელი ფონდი, სადაც ტარდება კვლევები ამ ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერა კვლავ ყოფილიყო აღნიშნულ ორგანიზაციაში. ჩვენ წარვადგინეთ დიპლომატი, დანიაში საქართველოს მოქმედი ელჩი დავით კერესელიძე, რომელიც დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ერთხმად იქნა არჩეული. მოხარულნი ვართ, რომ ამ ფორმატში წარმატებას მივაღწიეთ.

რაც შეეხება მიმდინარე კვირას, უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ იწყება ჟენევის მოლაპარაკებების მე-16 რაუნდი. ეს არის მორიგი რაუნდი, რომელიც გაიმართება 7 ივნისს. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბევრი სხვადასხვა საკითხი. ქართული მხარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართულება, ასევე უსაფრთხოების ზომების მიუღებლობასთან დაკავშირებული გახშირებული ინციდენტები, რომელთანაც ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხება ბოლო პერიოდში. დღის წესრიგით არის გათვალისწინებული და ქართული მხარის ინიციატივით განიხილება 18 მაისს საჩხერის რაიონში ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების შეიარაღებული წარმომადგენლების მიერ ორი ახალგაზრდა ქართველის დაჭრის ფაქტი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ მოგვეცემა შესაძლებლობა ყურადღება გავამახვილოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეყვანის საკითხზე.

დღეს, 6 ივნისს იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში. შეგახსენებთ, რომ ავსტრია-საქართველოს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზეა გადასული, რასაც ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. შეხვედრების დროს ეკონომიკური პროექტების განხილვა გაიმართება. ავსტრიაში ბიზნესის წარმომადგენლებს მთელი რიგი საინტერესო პროექტები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში და ვიმედოვნებთ, ეს პროექტები წარმატებით განხორციელდება.

საქართველოში დაგეგმილია ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის, ბატონი ლაიჩაკის ვიზიტი 8-9 ივნისს. ეს ვიზიტი საინტერესოა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ახალი სამსახური, რომელიც შეიქმნა ლისაბონის ხელშეკრულების შემდეგ. შესაბამისად ბატონი ლაიჩაკი პირველად ეწვევა საქართველოს ამ სამსახურის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ ეს უწყება პოლიტიკურად ექვემდებარება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს კეტრინ ეშტონს, შესაბამისად, ჩვენ ვიზიტს განვიხლავთ ერთის მხრივ, როგორც ევროკავშირის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მის დაინტერესებას რეგიონის მიმართ და მეორეს მხრივ, მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ბატონ ლაიჩაკს, უკვე ამ სტატუსით, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილია ორმხრივი კონსულტაციები საქართველოსა და გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოში ყოფილი ელჩი და დღეს, უკვე რეგიონზე პასუხისმგებელი პატრიცია ფლორი. ჩვენ გერმანიასთან ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს. ყოველდღიური ორმხრივი ურთიერთობები არის განსაკუთრებულად წინა პლანზე.

დიდი მადლობა. მზად ვარ ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს.

შეკითხვა: „ ახალი ამბები საქართველო": გასულ კვირას უნდა გამართულიყო მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ის გადაიდო შვეიცარული მხარის მოთხოვნით, თუ ვიცით, როდის გაიმართება?

პასუხი: მორიგი რაუნდის გამართვის თარიღი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. თქვენ სწორად ბრძანეთ, ამჯერად შვეიცარიის მხარემ ითხოვა დამატებითი დრო, რადგან გამოთქვეს წინადადებების მომზადების სურვილი. მხარეები მოილაპარაკებენ, თუ როდისთვის დაიგეგმება შემდეგი რაუნდი.

შეკითხვა: „ინტერ-პრეს ნიუსი" : გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. „საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში რუსეთის დადანაშაულებით თბილისი მეზობლებთან არსებული პრობლემებისგან თავის დაღწევას ცდილობს" - ასეთი კომენტარი გააკეთა გრიგორი კარასინმა. როგორ შეფასებას მისცემს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ განცხადებას?

პასუხი: ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ბატონ კარასინს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს მეზობლებთან პრობლემები არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ ერთი მეზობელი, რომელსაც საქართველოსთან ჯერჯერობით გადაუჭრელი პრობლემები აქვს, მაგრამ არ არსებობს რეგიონში მეზობელი სახელმწიფო, რომელთანაც შეიძლება რაიმე სახის სერიოზული პრობლემა არსებობდეს, რომლისგანაც საქართველო თავის დაღწევას ეცდებოდა. კარასინის განცხადება, თავისთავად ცინიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი სწორედ რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რაც შეეხება იმ ტერაქტებს, რომლებიც განხორციელდა და რომელთა წინასწარი აღმოფხვრაც საბედნიეროდ მოხერხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, მათ უკან დადასტურებულად დგას რუსული ძალა. შესაბამისად, ძალიან არასერიოზული და არასასიამოვნო მოსასმენია ამ სახის განცხადებები.

შეკითხვა: „ინტერ-პრეს ნიუსი": როგორია საბოლოო გადაწყვეტილება ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით?

პასუხი: არც ვანუატუს ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან და არც იმ სახელწიფოებისგან, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვანუატუსთან კავშირი გაგვაჩნია ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ვანუატუს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ რაიმე ფორმით აფხაზეთის აღიარებას გეგმავდა ან გეგმავს. შესაბამისად, ჩვენ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს.

შეკითხვა: ტელეკომპანია „მაესტრო": ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჰააგის სასამართლოში შეიტანეს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკაშირებით ანგარიში. ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა ივნისის თვეში ჰააგის სასამართლოდან ველოდოთ სტუმრებს. თუ არის რაიმე ცნობილი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის?

პასუხი: ჩვენ ამის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობთ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეს ინფორმაცია არავის მოუწოდებია.

2011 წლის 6 ივნისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ