ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის

რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებულ ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" კვალდაკვალ, 2015 წლის 18 მარტს, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელი მოეწერა ე.წ. „ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“. რუსეთის ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით დადგენილ  წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიითა და ჰელსინკის დასკვნითი აქტით დადგენილ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერას, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და, აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, წარმოადგენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას. დოკუმენტი ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის სრულ ინტეგრაციას რუსეთის სოციალურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და - განსაკუთრებით - სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.

ე.წ. „ხელშეკრულება" უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს. დოკუმენტის გაფორმება და შემდგომი იმპლემენტაცია კიდევ უფრო დაამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას და უარყოფითად აისახება საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ რეგიონებში არ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები და რუსეთი უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე.  

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამგვარი ქმედებები წარმოადგენს 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და 2008 წლის შემდგომ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას. საქართველოს მიმართ ამგვარი პოლიტიკა, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან ერთად ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია არ ეგუება სუვერენული სახელმწიფოების არჩევანს და ცდილობს რეგიონში გავლენის სფეროების აღდგენას, მათ შორის სამხედრო ძალის, ოკუპაციის, ანექსიისა და სხვა დესტრუქციული მეთოდების გამოყენებით.     

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკის აღსაკვეთად, მათ შორის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გზით. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. 

თბილისი, 2015 წლის 18 მარტი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ