ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკას ეწვია

India/photo1.jpg2016 წლის 3-4 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით შრი ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოს ეწვია.

 
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს და გამართეს პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი. შრი ლანკის მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრეის აშირვათამი. ამასთან, კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს შრი ლანკის საგარეო უწყების სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სამთავრობო სტრუქტურების, მათ შორის შინაგან საქმეთა, უმაღლესი განათლების, კომერციის, საინვესტიციო და ექსპორტის განვითარების სტრუქტურის წარმომადგენლებმა.
 
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდგომ პირველ ოფიციალურ შეხვედრას უწყებების დონეზე. კონსულტაციებზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სურვილს განავითარონ მეგობრული პარტნიორობა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სფეროებში. შეხვედრის ფარგლებში გაიცვალა მოსაზრებები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სამართლებრივ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ტურიზმის სფეროებში თითოეული ქვეყნის განვითარების დღის წესრიგის თაობაზე და დასახულ იქნა თანამშრომლობის შესაძლო სფეროები. აღინიშნა ორი ქვეყნის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის, საპარლამენტო კავშირების დამყარების, ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების მნიშვნელობა; სამართლებრივი ბაზის განვითარების საჭიროება; საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში შრი ლანკიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ტენდენციას; მიმოხილულ იქნა ორი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ აზიის რეგიონში არსებული მდგომარეობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართება 2017 წელს ქ. თბილისში.
 
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა დავით ჯალაღანიას შეხვედრა შრი ლანკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ესალა ვირაკუნთან, რომლის დროსაც მიმოხილულ იქნა სამუშაო შეხვედრის შედეგები და გამოითქვა მზადყოფნა დაჩქარდეს სხვადასხვა ჩარჩო შეთანხმებების ხელმოწერა, ისევე როგორც მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა.
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მიიღო სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის პრეზიდენტმა, სარათ კაჰაპალარაჩიმ და გენერალურმა მდივანმა აჯით დ. პერერამ. მხარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო პოტენციალი და საექსპორტო პროდუქცია. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას და ხელსაყრელ სავაჭრო რეჟიმებს როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირთან. შეხვედრაზე დაფიქსირდა სურვილი და მზადყოფნა დამყარდეს პირდაპირი საქმიანი კავშირი ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის.
 
დავით ჯალაღანიამ შრი ლანკის მხარეს მადლობა გადაუხადა ქართული დელეგაციის გულთბილი მასპინძლობისათვის, ასევე შრი ლანკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისათვის; აღინიშნა მხარეებს შორის რეგულარული დიალოგის მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ პოლიტიკური კონსულტაციების დროს განხილული საკითხებისა და დასახული პერსპექტივების განხორციელებას.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ