2021 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა დავით ზალკალიანმა, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა უმასპინძლა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების 44-ე ვირტუალურ მინისტერიალს.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა საქართველოს თავმჯდომარეობის დროს, ქვეყნის ორგანიზებით გამართული ღონისძიებების და ინიციატივების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ასევე გააცნო საქართველოში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს მთავრობის სტრატეგია, მიღებული ზომები და ეკონომიკური ზრდის გააქტიურების კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგები. ხაზი გაესვა, რომ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო მშპ-ს ორ ნიშნულამდე ზრდას პროგნოზირებს.
მინისტრმა კოლეგებს გაუზიარა ქართული მხარის ხედვები შავი ზღვის რეგიონის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის განვითარების პერსპექტივების შესახებ. მინისტრმა ასევე ისაუბრა Covid-19 გამოწვეული პანდემიის პერიოდში საქართველოს როგორც სატრანსპორტო და ტვირთების გადაზიდვის ჰაბის როლის გააქტიურებაზე და ხაზი გაუსვა, რომ პანდემიის პერიოდში ტვირთების გადაზიდვის რაოდენობამ 30% იმატა, ასევე საერთაშორისო ფრენების და საჰაერო ხომალდების საქართველოს ტერიტორიაზე შეჩერების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. მინისტრმა ასევე ისაუბრა ტურიზმის სექტორში არსებულ განვითარებებზე და აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორში 80% კლება საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევების შედეგად, დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს.
აქვე ხაზგასმით იქნა აღნიშნული რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მნიშვნელობა, რაც წარმოადგენს BSEC-ის ქვეყნების მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების აუცილებელ წინაპირობას. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით დარეგულირების მნიშვნელობას.
მინისტრმა ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მუდმივმოქმედ სამდივნოს BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში (2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე) გაწეული დახმარებისათვის და წარმატებები უსურვა მოლდოვის რესპუბლიკას, BSEC-ში მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით.