საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომ არ აღიარებს მ.წ. წლის 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას

18 მარტს, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ არ აღიარებს მ.წ. წლის 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას.

საქართველოს მეგობართა ჯგუფი აქვე აღნიშნავს, რომ იგი ასევე არ აღიარებს მ.წ. 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“.

მეგობართა ჯგუფი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციისა და რუსეთის სოციო-ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციისაკენ გადადგმული ნაბიჯების გამო. 

განცხადებაში საქართველოს მეგობართა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით  2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე აღებული ვალდებულება, მათ შორის გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარულ დახმარებაზე თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში.

საქართველოს მეგობართა ჯგუფი ასევე მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს მის მიერ ოკუპირებული  საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის აღიარება“.