საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი არჩილ ძულიაშვილის სამუშაო ვიზიტი ნეპალის ფედერაციულ რესპუბლიკაში

 2022 წლის 7-9 მარტს, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. დელი), ბატონი არჩილ ძულიაშვილის შეხვედრები ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ქალბატონ ბიდია დევი ბჰანდარისთან და ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დოქტორ ნარაიან კჰადკასთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს. 

ნეპალის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მისი მონაწილეობის მნიშვნელობას ა.წ. 24-25 მაისს ქ. თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში „Women in Peace and Security“. ნეპალის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის მიწვევის მიღება და გამოთქვა კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში გამზავრების მზადყოფნა, რაც იქნება საქართველოში ნეპალის პრეზიდენტის პირველი, ისტორიული ვიზიტი. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ასევე საქართველოს ელჩის შეხვედრა „ნეპალის ინდუსტრიების კონფედერაციის“ პრეზიდენტთან, ბატონ ვიშნუ კუმარ აგარვალთან. შეხვედრისას განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო ასევე, ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, კონფედერაციის წარმომადგენელთა დელეგაციის სტუმრობის ორგანიზების შესაძლებლობას.