საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილი მალდივის რესპუბლიკის გენდერულ საკითხთა, ოჯახის და სოციალური სერვისებისა და განათლების მინისტრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მალდივის რესპუბლიკის გენდერულ საკითხთა, ოჯახის და სოციალური სერვისების მინისტრთან აიშათ მოჰამედ დიდისთან (Ms. Aishath Mohamed Didi), განათლების მინისტრთან აიშათ ალისთან (Dr. Aishath Ali), საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან მარიამ რიშასთან (Ms. Mariyam Reesha) და მალდივების უწყებების სხვა წარმომადგენლებთან, რომლებიც UNICEF-ის მალდივების და საქართველოს ოფისების და მალდივების პრეზიდენტის ოფისის ინიციატივით 5-9 ივნის ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.
 
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს და მალდივის რესპუბლიკას შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული კეთილმეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დინამიკა, აგრეთვე ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია გააღრმავოს სექტორალური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიის, საგანმანათლებლო, სავაჭრო-ეკონომიკურ, გარემოს დაცვით და სხვა სფეროებში. ხაზი გაესვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დარგობრივ სამინისტროებს შორის მუდმივ კონტაქტებს.

მალდივების მხრიდან ასევე გამოითქვა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული შედეგების შესახებ დაინტერესება, მათ შორის  გამოცდილების გაზიარების სურვილი დეცენტრალიზაციის პროცესის მართვაში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში და მალდივებში უსაფრთხოების გამოწვევებს, ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და  შესაძლო შედეგებს ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და ზოგადად მსოფლიო უსაფრთხოებაზე.
მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.
 
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების და შეხვედრების აუცილებლობა. შეთანხმდა საგარეო უწყებებს შორის მომდევნო პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის დეტალები.