საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია

2022 წლის 5-6 ივლისს, საქართველოს ვიზიტით ეწვია ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, სამინისტროს მდივნის დასავლეთის საკითხებში, სანჯაი ვერმას ხელმძღვანელობით.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა, რომელსაც ინდოეთის მხრიდან ხელმძღვანელობდა სანჯაი ვერმა, ხოლო ქართული მხრიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
 
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში  ურთიერთობების განვითარების აქტუალური საკითხები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სატრანსპორტო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებს, ასევე ხალხთაშორისი კავშირების გაფართოების აუცილებლობას დაეთმო. განხილულ იქნა საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
 
საუბრისას მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია და მოსაზრებები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ აზიის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა სანჯაი ვერმას, ინდოეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
 
იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს სრულდება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე, განხილულ იქნა შესაბამისი კულტურული ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა.
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატით.