2021 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან, რომელიც საქართველოში სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. დავით ზალკალიანი მიესალმა ერიკა ოლსონის პირველ ვიზიტს საქართველოში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში და მას შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა შეხვედრისას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი, ასევე, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლოდროინდელი განვითარებები განიხილეს.
აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მათ შორის, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერისთვის საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ასევე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრისას საგანგებო ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. თავის მხრივ, ერიკა ოლსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმდინარეობასა და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ პროცესში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნდობის აღდგენისა და მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ინიციატივები განიხილეს და ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა რეგიონული და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში, მათ შორის, ავღანეთიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეებმა გამოხატეს მზაობა განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს პარტნიორობის გასაღრმავებლად ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.