2021 წლის 9-10 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა ნატო-ს შემფასებელი ჯგუფის შეხვედრები, საქართველოს 2021 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის განმტკიცების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესის შესახებ.
გარდა ამისა, განხილული იქნა უსაფრთხოების სექტორზე პარლამენტის საზედამხედველო როლი, ასევე დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოების, ეკონომიკური მიმართულებით მიმდინარე რეფორმები, მათ შორის 2021 წლის მუნიციპალური არჩევნები.
შეხვედრების მსვლელობისას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემფასებელ ჯგუფს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების და აქტივობების შესახებ, რაც 2021 წლის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელდა.
წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რომელშიც ასახულია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები. ალიანსი ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამის იმპლემენტაციის შეფასებას და შედეგებს განიხილავს ქართულ მხარესთან ერთად. წლების განმავლობაში, საქართველო იღებს პოზიტიურ შეფასებას ალიანსისგან დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ წელს, ქართულმა მხარემ ნატო-ს შემფასებელ ჯგუფთან ერთად რიგით მე-13 წლიური ეროვნული პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტი განიხილა.