საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით

2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე-ფაქტო ანექსიის პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
 
საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გააქტიურებულ ნაბიჯებზე. ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა  ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის „პროგრამის” განხორციელებისა და საოკუპაციო რეჟიმებთან ბოლო პერიოდში დადებული ე.წ. შეთანხმებების საკითხი, რომელთა მიზანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ  სისტემაში შთანთქმაა.  საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დესტრუქციული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობას წარმოადგენს.
 
საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი. მათ ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევებზე, ასევე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელების თაობაზე ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ქართველი მონაწილეების მხრიდან აღინიშნა აგრეთვე, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის  ფართო ესკალაციის მიმართულებით.
 
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებზე და მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც მწვავედ დასვეს ირაკლი ბებუას წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემა და ხაზი გაუსვეს საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას.
 
საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება და ისაუბრა აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე.
 
მოლაპარაკებებზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები. კვლავაც მწვავედ დაისვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უცხოელებად დარეგისტრირება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის თემა. ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე, კოდორის ხეობის მოსახლეობის  მძიმე მდგომარეობას და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას.
 
საქართველოს დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის 2 წლის განმავლობაში ჩაკეტვისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობის იზოლაციის უაღრესად მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ ახალგორის რაიონში შექმნილმა ჰუმანიტარული კრიზისმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი სახლების დატოვება და რაიონის დაცარიელება გამოიწვია. ხაზი გაესვა ორივე რეგიონში დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობოდ გახსნისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
 
საქართველოს დელაგაციამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გაძლიერების საჭიროებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა.
 
საგნობრივი განხილვა შედგა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზებზე, მათ შორის, 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენენ და შესაძლებელს გახდიან ამ მნიშვნელოვანი ფორმატის შეხვედრების შეყოვნების გარეშე განახლებას.
 
მოლაპარაკებების ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა.
 
მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი თემები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და მას პირნათლად ასრულებს. ამასთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააქტიურებული მილიტარიზაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რფ-ის სამხედრო სისტემაში ინტეგრაცია ისევე, როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცებები მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებად და ძალის გამოყენების მუქარად შეაფასა. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებით.
 
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ  ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს.
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა მედიცინის სფეროს ექსპერტთა ტექნიკური შეხვედრა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან  დაკავშირებულ თემებზე. ამასთან, მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა სამუშაო ქვე-ჯგუფის შეხვედრა გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე, რა დროსაც მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე.
 
ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ანიკა სოდერს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.
 
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება.
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
 

10-ივნისი-2022

10-ივნისი-2022

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ...

2022 წლის 8 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილ...

06-ივნისი-2022

06-ივნისი-2022

ილია დარჩიაშვილი მალდივის რესპუბლიკის გენდერულ საკითხთა, ოჯახის და სოციალური სერვისებისა და განათლების მინისტრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მალდივის რესპუბლიკის გენდერულ საკითხთა, ოჯახის და სოციალური სერვისების მინისტრთან აიშათ მოჰამედ დიდისთან (Ms. Aishath Mohamed Didi), განათლების მინისტრთან აიშათ ალისთან (Dr. Aishath Ali), საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივ...

28-მაისი-2022

28-მაისი-2022

​ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე და აგრძელებს წინაპრების ძალისხმევას - საერთო ...

2022 წლის 27 მაისს, ქ. თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" გაიმართა.

26-მაისი-2022

26-მაისი-2022

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისსა და ქუთაისში დამთვალიერებელს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ...

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომლის მთავარი თემაც წელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისსა და ქუთაისში ცალკეული ღონისძიებები გაიმართება, რომელიც საზოგადოებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართვ...

< 1 2 3 4 5  ... >