საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. დელი), ბატონი არჩილ ძულიაშვილი ა.წ. 1-4 თებერვალს ეწვია შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოს, ქვეყნის დამოუკიდებლობის 74-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ელჩის შეხვედრა შრი ლანკის სპორტის, ახალგაზრდობის, განვითარების კოორდინაციისა და მონიტორინგის მინისტრთან (ციფრული ტექნოლოგიისა და საწარმოების განვითარების სახელმწიფო მინისტრთან), ნამალ რაჯაპაქსასთან. მხარეებმა განიხილეს სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის დამყარებისა და განვითარების შესაძლებლობები.
გაიმართა ასევე ელჩის შეხვედრა შრი ლანკის ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარესთან და მთავარ აღმასრულებელთან, სურეშ დე მელთან. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და განიხილეს საქართველოსა და შრი ლანკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესაძლებლობები. ამ კუთხით აღინიშნა ახლო მომავალში ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ორგანიზების მნიშვნელობა. შრი ლანკის ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის საბჭოს წარმომადგენლებმა წარუდგინეს ელჩს დეტალური პრეზენტაცია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალისა და საქართველოსა და შრი ლანკას შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის შესახებ.
გაიმართა ასევე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შრი ლანკის პლანტაციის სამინისტროს ქოქოსის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, კეერტი ვეერასინგჰესთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ხსენებულ ორგანიზაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობები.