საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი. შედგა კონკრეტული, დეტალური საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან მწვავე რიტორიკისა და ერთგვარი წინაპირობების წამოყენების ფონზე, იურიდიულ გარანტიებთან და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ დღეს მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან. ნატო-ს გენერალური მდივანი იყო უაღრესად პირდაპირი და კონკრეტული და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი არის უშუალოდ ნატო-ს და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი ვინც მიისწრაფის ნატო-სკენ. პირდაპირ გაკეთდა მინიშნება ნატოს წესდებაზე, კერძოდ ვაშინგტონის შეთანხმების მეათე მუხლზე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ნატო-სკენ, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, უნდა იყოს მიღებული ნატოში და ეს არის რა თქმა უნდა ნატო-ს და ამ ქვეყნის გადასაწყვეტი და არც ერთ მესამე მხარეს, მესამე ძალას არ აქვს უფლება ჩაერიოს ამ პროცესში. ეს გზავნილი დღეს ჩვენ ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ“ აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
„ჩვენ მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები იმ პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გვაქვს, თუნდაც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოს მიერ იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების შესრულების მიმართულებით, რაც ჩვენ გვაახლოებს ნატო-სთან და ერთხმად იყო აღნიშნული, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა“ ასევე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.