საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ტაილანდის სამეფოს

2022 წლის 18-21 აგვისტოს საქართველოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (რეზიდენციით ქ. დელიში), ბატონი არჩილ ძულიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი გიორგი ტაბატაძე და ამავე დეპარტამენტის უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველოს მრჩეველი, ბატონი გიორგი არჩემაშვილი.

2022 წლის 18 აგვისტოს გაიმართა დელეგაციის წევრთა შეხვედრა ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ბატონ ასი მამანესთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ფართო სპექტრს. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ორმხრივი სამართლებრივი ბაზის მდგომარეობა.  

2022 წლის 19 აგვისტოს გაიმართა დელეგაციის წევრთა შეხვედრა ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმეთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ბატონ ჩატჩაი ვირიავეჯაკულთან. შეხვედრის ძირითადი თემა გახლდათ მხარეებს შორის საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

2022 წლის 19 აგვისტოს გაიმართა დელეგაციის წევრთა შეხვედრა ტაილანდური ავიაკომპანიის „Thai Air Asia Co. Ltd.” აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, ბატონ ტასაპონ ბიჯლეველდთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების საკითხს. კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა შეხვედრისას, რომ კომპანია 2022 წლის 8 ოქტომბრიდან დაიწყებს პირდაპირი ჩარტერული ფრენების შესრულებას ქ. ბანგკოკიდან ქ. თბილისის მიმართულებით და ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება.

2022 წლის 19 აგვისტოს გაიმართა დელეგაციის წევრთა შეხვედრა ტაილანდის სამეფოს ეროვნულ ასამბლეაში არსებულ საქართველო-ტაილანდის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტთან, სენატორ ჩალემჩაი ბუუნიალიიპუნთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების, ასევე საპარლამენტო დელეგაციების დონეზე ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.