2022 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, მენაქში ლეხისთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით.
კულტურულ - საგანმანათლებლო სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე საუბრისას, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ყველა პირობა ინდოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად.
ასევე, შეხვედრისას საუბარი შეეხო ინდოელი ბიზნესმენების საქმიანობას საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.