საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გახდა

2022 წლის 11 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველო, 178 ხმით, უკვე მეორედ იქნა არჩეული გაერო-ს ადამიანის უფლებათა  საბჭოს (HRC) წევრად 2023-2025 წლების ვადით. პირველად საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს 2015 წელს, 2016-2018 წლების ვადით.

ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს, გეოგრაფიული პრინციპით რეგიონული ჯგუფებიდან ირჩევენ. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. ის სამი წლის ვადით არჩეული, 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. საბჭო საქმიანობას  ჟენევაში ახორციელებს.
საქართველოსთვის, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევა მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს. საბჭოში წევრობა იძლევა დამატებით შესაძლებლობებს, რათა ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალურ დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს საბჭოს ყველა ახლადარჩეულ წევრს და მადლობას უხდის გაეროს წევრ-სახელმწიფოებს საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.