ინდოეთის რესპუბლიკა
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 28 სექტემბერს.
თანამშრომლობის სფეროები
უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის მნიშვნელოვან ფორმატს. ვითარდება თანამშრომლობა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის. საქართველოს პარლამენტში მოქმედებს ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფი.
ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამშრომლობას ეკონომიკის სფეროში. 2014 წლის 29 აპრილს, ქ. ნიუ დელიში გაიმართა საქართველო-ინდოეთის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის პალატების ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ბოლო წლებში შეიმჩნევა ინდური კომპანიების მზარდი დაინტერესება საქართველოში ბიზნესის წარმოების და ინვესტიციების განხორციელებით. მათ შორის აღსანიშნავია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინდური კორპორაციის „ტატა ჯგუფის“ მზადყოფნა განახორციელოს მნიშვნელოვანი ინვესტიციები საქართველოში, კერძოდ ენერგეტიკის სექტორში. საფუძველი ჩაეყარა ბიზნეს ფორუმების ორგანიზების პრაქტიკას, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების კონტაქტების გაღრმავებას.
ვითარდება თანამშრომლობა ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის (ITEC) პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ქართველი სპეციალისტების პროფესიული სტაჟირება ინდოეთის სხვადასხვა დაწესებულებებში. ასევე კულტურულ ურთიერთობათა ინდოეთის საბჭოს (ICCR) პროგრამების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების მხარდაჭერით რეგულარულად ხორციელდება გაცვლითი კულტურული ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ისე ინდოეთში.
სასარგებლო ბმულები
ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი