ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვახტანგ ჯაოშვილის გაცნობითი შეხვედრა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სუშმა სვარაჯის სახელობის საგარეო სამსახურის ინსტიტუტის დეკანთან
2024 წლის 3 ივლისს, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა და კონსულმა ქეთევან ლაგვილავამ გაცნობითი შეხვედრა გამართეს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სუშმა სვარაჯის სახელობის საგარეო სამსახურის ინსტიტუტის დეკანთან, გადდამ დჰარმენდრასთან და ამავე ინსტიტუტის გაერთიანებულ მდივანთან, ანიტა შუკლასთან.
შეხვედრაზე, ელჩმა განიხილა საქართველოსა და ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, გამოხატა მზაობა თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტსა და სუშმა სვარაჯის სახელობის საგარეო სამსახურის ინსტიტუტს შორის. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ახლო მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.
ინსტიტუტის დეკანმა, გადდამ დჰარმენდრამ ვახტანგ ჯაოშვილს წარმატებები უსურვა ინდოეთში საქმიანობის პროცესში და მომავალში აქტიური თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.