ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალი “ქეთევანი” გოაში
2026 წლის 27-28 თებერვალს, გოაში გაიმართა ყოველწლიური ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალი „ქეთევანი“, რომელსაც საქართველოსა და ინდოეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კულტურული კავშირების გაღრმავებისა და ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ინდოეთის ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის ჯგუფებმა, ასევე ქართულმა ანსამბლმა „სათანაო“, რომელმაც მაყურებელს ტრადიციული სასულიერო და სახალხო მუსიკალური ხელოვნება გააცნო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, გოას შტატის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ინდოეთის კულტურის სფეროს, მედიისა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.
„ქეთევანის ფესტივალი“ ორგანიზებული იყო ინდოეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭოს (ICCR) და გოაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატის, აკაშ ტიმბლოს მჭიდრო თანამშრომლობით.
