ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის
2023 წლის 23 თებერვალს ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ტაილანდურ დელეგაციას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვიჯავატ ისარაბხაკდი. კონსულტაციების ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შესაბამის ქვეყნებსა და რეგიონებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება.
კონსულტაციების დასრულების შემდეგ შედგა ორი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია, საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებისა და შესაბამისი დელეგაციების წევრების თანდასწრებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა“ და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო საქმეთა „დევავონგსე ვაროპაკარნის ინსტიტუტს“ შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური და სასწავლო ინსტიტუტის“ დირექტორმა, ირინე დახუნდარიძემ და „დევავონგსე ვაროპაკარნის ინსტიტუტის“ დირექტორმა, ტჰიტიპორნ ჩირადავადიმ, ხოლო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ტაილანდის სამეფოს ვაჭრობის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ და ტაილანდის სამეფოს სავაჭრო საბჭოს თავმჯდომარემ, სანან ანგუბოლკულმა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ორმხრივი შეხვედრები ტაილანდის სამეფოს ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სარავუტ პჰეტპანომპორნთან, ტაილანდის სამეფოს ტურიზმისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ნაპინტორნ სრისუნპანგთან და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან, არმიდა სალსია ალისჯაბანასთან.